პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი პარიზში

პარიზში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. ირაკლი კობახიძე დღეს საფრანგეთის ორპალატიანი პარლამენტის ქვედა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე საქართველოს შესახებ 20-წუთიანი ანგარიშით წარდგება და დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხებს.

რა თემებზე გაამახვილებს  ყურადღებას პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას, ამაზე ანა ბროლაძე ისაუბრებს პარიზიდან.

საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიასა და ლევილის სასაფლაოზე დაკრძალულ ქართველთა საფლავები ყვავილებით შეამკო. ამის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე ლევილის მამულში გაემგზავრა და საქართველოდან წასული პოლიტიკური ემიგრაციის შთამომავლებს შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს ლევილის მამულში მნიშვნელოვანს  უწოდებს  ნოე ჟორდანიას შვილიშვილი. ირენ ციციშილი აცხადებს, რომ ლევილი არის სიმბოლური კავშირი საქართველოსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობაში და პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დასაფასებელია.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პარლამენტის თავმჯდომარე პარიზში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. მათი ნაწილი პირველი რესპუბლიკის დამაარსებლებისა და საფრანგეთში პოლიტიკურ ემიგრაციაში წასული პოლიტიკოსების შთამომავალია. ირაკლი კობახიძემ ქართულ სათვისტომოს სიტყვით  მიმართა და აღნიშნა, რომ მათი როლი საფრანგეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებაში მნიშვნელოვანია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მისი ოფიციალური ვიზიტიც სწორედ ამას ემსახურება და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით, წარმატების შესანარჩუნებლად და ევროკავშირთან კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციისთვის.