პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება

„როგორც მოსალოდნელი იყო და ახლა დანამდვილებით დავრწმუნდით, ქართული სამოქალაქო საზოგადოების დიდმა ნაწილმა პასუხისმგებლიანი და საღი მიდგომა გამოამჟღავნა გამჭვირვალობის საკითხის მიმართ,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

„ამ დროისთვის, უცხოეთიდან დაფინანსებულმა 156 ორგანიზაციამ დაასრულა იუსტიციის სამინისტროს გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების პროცედურა. ეს რაოდენობა უკვე აღემატება იმ 136 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ“. მეტიც, კიდევ 300 ორგანიზაციის სარეგისტრაციო განაცხადი ამჟამად განხილვის პროცესშია. ეს ყველაფერი მოხდა რამდენიმე პოლიტიკური არასამთავრობოსა და მათი დონორების მუქარის მიუხედავად, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოება შეეწინააღმდეგებოდა მეტ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას. ცხადი გახდა ისიც, რომ 2023 წლის მარტში და 2024 წლის მაისში ქუჩაში ძალადობრივი პროტესტით გამოსული ჯგუფები სამოქალაქო საზოგადოებას კი არ წარმოადგენდნენ, არამედ რადიკალური პოლიტიკური პარტიების, მათი პოლიტიზებული არასამთავრობოებისა და პარტიული ტელევიზიების მიერ იყვნენ მობილიზებულნი. ნამდვილმა სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი სიტყვა თქვა, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.