პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში 

პარლამენტი დღესაც ოპოზიციის პერფორმანსის ადგილად იქცა.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში ამჯერად საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ამ ფორმით ოპონენტებმა პარლამენტის თავმჯდომარის 2019 წლის ანგარიში გააპროტესტეს. ჰიმნი მაშინ დაიწყო, როცა არჩილ თალკავაძე რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებზე საუბრობდა. გასული წლის შეჯამების დროს სპიკერმა ოპონენტებსაც მიმართა და საარჩევნო სისტემაზე შესათანხმებლად მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდა. საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს ყურადღების მიღმა არც ცალკეული ამერიკელი კონგრესმენების ბოლოდროინდელი კრიტიკული განცხადებები დაუტოვებია.

დარბაზში არყოფნის მიუხედავად, დღევანდელი მოხსენების შინაარსი ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა.