მომავალი კვირიდან 31 ოქტომბრის არჩევნების შესწავლა იწყება.
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დაკომპლექტებულია. ჯგუფში მმართველი გუნდის და „ევროპელი სოციალისტების“ ორ-ორი დეპუტატი იმუშავებს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის გარეშე კომისიის საქმიანობაში მუშაობის აზრს ვერ ხედავენ ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ხელისუფლების არაერთი შეთავაზება ძალაში რჩება – ბარიერგადალახული ნებისმიერი ოპოზიციური პარტიისთვის კომისიის კარი ყოველთვის ღია იქნება. ჯგუფს სამი თვე აქვს იმისთვის, რომ დაადგინოს, ჰქონდა თუ არა საპარლამენტო არჩევნების დროს გაყალბების ფაქტებს ადგილი. რეგლამენტი საგამოძიებო კომისიას უფლებას აძლევს, გამოკითხვაზე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა პარტიების ლიდერებიც დაიბაროს.