პარლამენტის გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტზე

„ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევასთან დაკავშირებით, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები ისევ კეთდება. უმრავლესობის განცხადებით, გაწვევის მთავარი მიზანი საზოგადოებაში სიმშვიდის შენარჩუნება იყო. ოპოზიციის განცხადებით კი, „ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რომ ხალხი არ აპატიებდა მათ ევროპული კურსიდან გადახვევას და დარცხვენილებმა მისცეს წინააღმდეგ ხმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონის პროექტი კენჭისყრაზე განხილვის გარეშე დააყენეს. მის წინააღმდეგ ხმა 35 დეპუტატმა მისცა, მხარი ერთმა დაუჭირა, ხოლო სხდომას სულ 112 კანონმდებელი ესწრებოდა.

პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით, 76 დეპუტატის ხმით 7 მარტს მიიღო. თუმცა, მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო.