მრავალპარტიული საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.
8-კაციანი ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით სამძიმრის სათქმელად და მხარდაჭერის გამოსახატად კიევში რამდენიმე საათის წინ წავიდა. დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპელი სოციალისტების“ გარდა ყველა საპარლამენტო ოპოზიციური ძალაა წარმოდგენილი. საერთო მოლოდინია, რომ ვიზიტი ორ ქვეყანას შორის ბოლო პერიოდში შექმნილი დაძაბულობის განმუხტვის წინაპირობა გახდება. ოპტიმისტურ პროგნოზს კიევიდან ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებებიც ამყარებს. მმართველ გუნდში ხაზს უსვამენ, რომ ვიზიტის წინ ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის პირადი კომუნიკაციის დროს დაძაბულობის გამომწვევი არაერთი საკითხი გაირკვა. დელეგაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის არყოფნა ოპოზიციისთვის გაუგებარია. საკუთარი ვერსია აქვს მმართველ გუნდს, რაზეც გამოძიებაც დაიწყო. „ქართული ოცნება“ ვერსიას სპეცსამსახურების მიერ მიღებული ინფორმაციით ამყარებს. მართალია, დელეგაციაში ყოფნაზე უარი თქვეს, თუმცა ცნობილი ხდება, რომ უკვე უკრაინაში არიან „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ორი წევრი, ასევე ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.