მოხდება თუ არა რეზონანსული კანონპროექტის კორექტირება – ახლა ყველაფერი ვენეციის კომისიის დასკვნაზე და პრეზიდენტის ვეტოზეა დამოკიდებული.
ხელისუფლება პირობას დებს, რომ ვეტოს დაძლევის პროცედურის დროს სამართლებრივ შენიშვნებს განიხილავს და შესაძლოა, ისინი სამი მოსმენით მიღებულ კანონშიც ასახოს. ამ ფონზე გასათვალისწინებელია პრეზიდენტის პოზიცია. სალომე ზურაბიშვილი მოტივირებული შენიშვნების წარდგენას არ აპირებს. მწვავე კრიტიკის და გამაფრთხილებელი გზავნილების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების ნაწილი მმართველ გუნდს კანონის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას სთხოვს. ასეთია ოფიციალური ვაშინგტონის მოწოდებაც. ვეტოს დაძლევა დიდი ალბათობით ხმაურიანად ჩაივლის. განხილვაზე დასწრებას აპირებს ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელმაც კანონის მიღების შემდეგ ბოიკოტი გამოაცხადა.