საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რაც მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრების ხელფასის ზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტი კომიტეტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ – შალვა პაპუაშვილმა წარუდგინა. რეგლამენტის პროექტის მიხედვით, დეპუტატების შრომის ანაზღაურების ოდენობა 2025 წლის პირველი იანვრიდან შეიცვლება, კერძოდ: იზრდება გასამრჯელო პარლამენტის წევრებისთვის, მათ შორის მათთვის, ვინც საპარლამენტო თანამდებობებს იკავებს. ასევე, იცვლება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას. შალვა პაპუაშვილის თქმით, პროექტის პირველი მუხლი შესწორდა და აბსოლუტური თანხები ჩანაცვლდა კოეფიციენტით.