წარმატებული ასპარეზობა პარიზში და ცხრა მედალი საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე. ქართველი პარალიმპიელები სამშობლოში დაბრუნდნენ. ექვს სახეობაში მოასპარეზე სპორტსმენებმა ქვეყანას ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლის და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოუტანეს. საქართველომ მედლების რაოდენობით ევროპის რამდენიმე ქვეყანას გაუსწრო და წლევანდელ პარალიმპიადაზე 51-ე ადგილი დაიკავა.
თამაშების ისტორიაში უნიკალური შემთხვევა პარაძიუდოში დაფიქსირდა, სადაც ქართველმა ცოლ-ქმარმა, ინა და გიორგი ქალდანებმა ერთ დღეს ორი მედალი მოიპოვეს. პარასპორტსმენები ახლა 2028 წლის თამაშებისთვის მზადებას დაიწყებენ, მანამდე კი წარმატებული პარალიმპიელები ფულად პრემიებს მიიღებენ და მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ.