პანდემია და შეიარაღებული ძალები - გასათვალისწინებელი გამოცდილება
პანდემია და შეიარაღებული ძალები - გასათვალისწინებელი გამოცდილება

პანდემიისა და რელიგიური დღესასწაულის ფონზე საოკუპაციო ხაზზე ცვლილების განხორციელების მცდელობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეკითხვას, რომელიც სამხედრო ძალების დაავადებასთან ბრძოლაში ჩართვასთან ერთად აუცილებლად დადგებოდა დღის წესრიგში, კერძოდ: რა სამხედრო რესურსის ხარჯვას მოითხოვს ამდაგვარი ოპერაცია, თუ სამხედროების გამოყენება დროში გაიწელა და არსებობს თუ არა ეს რესურსი?

ბუნებრივია, ამ კითხვაზე პასუხის გასაჯაროებას არ და ვერც მოვითხოვთ, ვინაიდან თემა მეტად სენსიტიურია და სამხედრო საიდუმლოებათა კატეგორიას მიეკუთვნება. თუმცა, კითხვის მეორე ნახევარზე – არსებობს თუ არა ეს რესურსი  – ყველას,  ვისაც სამხედრო მართვის გამოცდილება აქვს, მათ შორის, მოწინააღმდეგესაც, საკმარისი დასკვნების გამოტანა თავისუფლად შეუძლია.

სამხედრო უწყების ვებგვერდზე, 17 აპრილით დათარიღებული ცნობიდან ვგებულობთ, რომ დასავლეთის სარდლობას, ამოცანის შესასრულებლად, დაემატა სპეციალური ოპერაციების ძალები:„ქალაქის[იგულისხმება ბათუმი- დ.თ.]შიდა საკვანძო გზების კონტროლზე პასუხისმგებლობა,დასავლეთის სარდლობის ოპერატიულ მართვაში გადასულმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა აიღო, რომელიც გადაადგილების შეზღუდვას სამ პუნქტზე ახორციელებს

ეს ცნობა, თავის მხრივ, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ დასავლეთის სარდლობა საკუთარი შესაძლებლობების ზღვარზე ფუნქციონირებს,  ხოლო მის ოპერატიულ დაქვემდებარებაში, საპოლიციო ფუნქციის შესასრულებლად, სპეციალური ოპერაციების ძალების გადაცემა საკმაოდ უჩვეულო გადაწყვეტილებად უნდა მივიჩნიოთ.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდება საკითხი, რაც დღის წესრიგში, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში არ დადგება, თუმცა ისეთ გეოპოლიტიკურ რეალობაში მყოფი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, როგორშიც საქართველოა, სამხედრო დაგეგმარების ნებისმიერ სცენარში პრიორიტეტულია:  რა რჩება სახელმწიფოს ინსტრუმენტად, თუ კი არსებულ ვითარებას სამხედრო საფრთხის მოგერიების საჭიროებაც დაერთო?

ის, რაც გარედან ჩანს: დღეს ჩვენი სამხედრო დანაყოფები, პრაქტიკულად მთლიანად,ჩართულები არიან ამა თუ იმ რეგიონის ან მუნიციპალიტეტის გარშემო შექმნილი საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრების უზრუნველყოფის ღონისძიებებში, ანუ, უბრალო ენით რომ ვთქვათ, ისინი დაკავებული არიან განსაზღვრულ ბლოკ-საგუშაგოებზე საყარაულო-საპატრულო მისიით. ამავე დროს, ამ  ბლოკ-საგუშაგოებზე მათ სხვადასხვა ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო დამუშავება და გადაადგილების პროცესში მყოფი ადამიანების სამედიცინო შემოწმება აქვთ დავალებული.

არც ერთი აღნიშნული ამოცანა, თავისი შინაარსით, საბრძოლო არ არის და ამის გამო, საბრძოლო ქვედანაყოფებისგან ამ ამოცანათა უზრუნველსაყოფად, სამხედრო უნარების  და სპეციფიკური ჩვევების ქონას არ გულისხმობს.

ყველა სახელმწიფოს  სამხედრო ძალები ერთი მთავარი ამოცანის შესასრულებლად გააჩნია: ესაა სამხედრო პასუხი იმ საგარეო პოლიტიკურ საფრთხეებზე, რომელთა სპექტრი სამხედრო მუქარიდან შეიარაღებული აგრესიის მოგერიებამდეა გაშლილი. ნებისმიერი სხვა გამოყენება, ბუნებრივია, ამ ამოცანის ეფექტურად განხორციელებას ხელს უშლის, თუმცა, როდესაც სახელმწიფოს არ გააჩნია სხვა არანაირი ინსტრუმენტი, გარდა თავდაცვის ძალებისა, რომელსაც შექმნილ ვითარებაში ეფექტურად გამოიყენებდა, სამხედრო რესურსის „ხარჯვა“ არა მარტო ბუნებრივი, არამედ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, აუცილებლობიდან გამომდინარე გადაწყვეტილება იყო.

დღევანდელ ვითარებაში რაიმეს შეცვლა უკვე გვიანია, თუმცა ესეც  იმ გამოცდილებათაგანია, საიდანაც შესაბამისი დასკვნები აუცილებლადაა გამოსატანი. ერთ-ერთ ოპტიმალურ მოდელად, შესაძლოა, თავდაცვის ის სამკოპონენტიანი სტრუქტურაც განვიხილოთ, რაზედაც სხადასხვა სივრცეში არაერთხელ გვისაუბრია. კერძოდ, რას გულისხმობს სამსაფეხურიანი სტრუქტურა – ეს არის არმია, ტერიტორიული თავდაცვის ძალები და სამოქალაქო თავდაცვის შენაერთები; სხვა სიტყვებით, თავდაცვის ძალები, სხვა კომპონენტებთან ერთად, რომელიც დღეს კონსტიტუციითა და კანონით გააჩნია, ტერიტორიული თავდაცვის ძალებსა და სამოქალაქო თავდაცვის შენაერთებსაც  უნდა მოიცავდეს (არაა აუცილებელი საკუთარი, ანდა თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების სახით).

კარგად რომ გავაცნობიეროთ მსჯელობის მიმართულება,  დავუბრუნდეთ ამ ორი (ტერიტორიული თავდაცვის ძალების და სამოქალაქო თავდაცვის შენაერთების) კომპონენტის „სტანდარტულ“ ფუნქციონირებას:

ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების ფუნქციონირება, სხვა ამოცანების შესრულების გარდა,  ბუნებრივი, ტექნოგენური, ან სხვა მიზეზით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში მოსახლეობისა და ადმინისტრაციის დახმარებას გულისხმობს.

რაც შეეხება სამოქალაქო თავდაცვის ფორმირებებს, ზოგადად, ისინი განსაზღვრულია იმ არასაბრძოლო თავდაცვითი ღონისძიებებისთვის, რომელიც სახელმწიფო მართვის ქმედუნარიანობას უზრუნველყოფს; კონკრეტულად კი, სხვა ღონისძიებებთან ერთად, საომარი მოქმედებების,მიწისძვრების, წყალდიდობების, ხანძრების, ქიმიური და რადიაციული საფრთხეებისა და ეპიდემიების დროს მოსახლეობის დაცვასაც გულისხმობს.

ამ ორ მოცემულობას თუ შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ორი კომპონენტის არსებობის შემთხვევაში თავდაცვის ძალების დღევანდელი ფუნქციონირება მთლიანად შეიძლებოდა გადანაწილებულიყო  ამ ფორმირებებზე შემდეგი ფუნქციებით:

  • კარანტინში მოქცევა-ბლოკირება – ტერიტორიული თავდაცვის შენაერთები, და
  • დეზინფექცია, სამედიცინო სკრინინგი, საველე პირობების ჰოსპიტალში დროებითი განთავსება – სამოქალაქო თავდაცვის ფორმირებები.

ეს მთლიანად თუ არა, დიდ წილად მაინც გაათავისუფლებდა რეგულარულ სამხედრო სტრუქტურებს იმ სტრესისაგან, რომელშიც დღეს არიან. მეტიც, ვითარების უკიდურესად გამწვავების შემთხვევაში, მათ იმ „ოქროს რეზერვად“ გადააქცევდა, რომელიც დღეს არ გვაქვს.ცალკე თემაა, ამ ვითარებაში, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო რეზერვის აქტივაცია/მობილიზაციის ეფექტის განხილვა და მას აქ არ შევეხებით.

საკმარისია ითქვას გარკვევით, რომ არსებული თავდაცვის სტრუქტურის ამდაგვარი ექსპლუატაცია ცუდი გამოსავალია და გამოსავალი საერთოდაც არ არის. საზოგადოების დაცვა მრავალპლანიანი განზომილებაა და COVID-19-ის პანდემიამ,  ვფიქრობ ეს ნათლად წარმოაჩინა. როგორც დროში არსებული ხდომილება, ეს პანდემიაც ჩაივლის. ვფიქრობთ, დღეს, როდესაც ძირითად საფიქრალად „ხვალ როგორ ვიცხოვრებთ“  ქცეულა, ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად თავდაცვის ძალების ქმედუნარიანობის აღდგენა პირველადი ამოცანების რიგში აღმოჩნდება და ესეც ერთ-ერთ სერიოზული გამოწვევაა.

იმედია, თავდაცის ძალების ასეთი ჩართულობა დიდ ხანს არ გასტანს და მერეც დიდ ხანს აღარ დაგვჭირდება. თუმცა ზოგადად, სახელმწიფო თავდაცვის სიტემის (და არა თავდაცვის უწყების) რეორგანიზაცია სერიოზულ მსჯელობას მოითხოვს. ეფექტური მოქმედებისთვის ეფექტური სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს,  ორ-სამ ერთდროულ გამოწვევას, რესურსის „ფლანგვის“ გარეშე ვუპასუხოთ.

 

ავტორი: დავით თევზაძე

ფოტო: ირაკლი გედენიძე