კოვიდ-პანდემია და ქუჩაში გადანაცვლებული პროცესები – ეპიდემიოლოგები ამ ორ მოცემულობას შორის პირდაპირპროპორციულ კავშირს ხედავენ.
საერთო გზავნილი ასეთია: სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ შეზღუდავს, თუმცა როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ეხება, სხვადასხვა ადგილზე მიმდინარე აქციების დროს კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგულაციების მკაცრად დაცვა – პირბადეების ტარება და დისტანცია. თუმცა, მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ამსახველი კადრებიც ადასტურებს, რომ ხშირ შემთხვევაში ეს წესები დარღვეულია. ამასთან, ორი პოლიტიკოსის ტესტი კოვიდ-დადებითი აღმოჩნდა. პოლიტიკურ ძალებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობისკენ და ვირუსის გავრცელების ყველა წესის შესრულებისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველიც. მიმართვის ადრესატთა ნაწილისთვის დღევანდელი საგანგაშო მონაცემები პოსტსაარჩევნო პერიოდში ხელოვნურად გაზრდილია.