კოვიდ-რეგულაციებით და შეზღუდვებით დაზარალებული ბიზნესი პრემიერს მიმართავს.
ცხრა ბიზნეს-ასოციაცია ე.წ. კომენდანტის საათის ორი საათით გადაწევას, რესტორნების დახურულ სივრცეში საქმიანობის უფლებას, მთის კურორტების გახსნას, სავაჭრო ობიექტების შაბათ-კვირას მუშაობას და გარკვეულ საგადასახადო შეღავათებს ითხოვს. საკუთარი შეთავაზებების და წინადადებების გასაცნობად დღევანდელი მიმართვის ავტორებს პრემიერთან, ეპიდემიოლოგებთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან შეხვედრა სურთ.
დღევანდელ განცხადებაში ულტიმატუმის ტონი ამოიკითხა ეკონომიკის მინისტრმა, რომელმაც დღის ბოლოს სამინისტროში სარესტორნო სფეროს წარმომადგენლები მიიღო. შეხვედრის მონაწილეებმა ნათია თურნავას ის რეგულაციები და წესები გააცნეს, რომლებსაც დახურული სივრცის გახსნის შემთხვევაში დაიცავენ.