ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თხილის ბაღში იმშობიარა და ბავშვი მიატოვა
ოზურგეთში ახალგაზრდა ქალმა თხილის ბაღში იმშობიარა და ბავშვი მიატოვა. თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო, იძულებული გახდა სასწრაფო დახმარება გამოიძახა. ექიმების განცხადებით, 31 წლის ოზურგეთელი ქალი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ კლინიკაში, გამთენიისას სისხლდენით შეიყვანა.
ექიმების არაერთი კითხვის მიუხედავად, ქალი მომხდარს მალავდა. ამის შემდეგ, მათ პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც ქალის სახლის ეზოში ახალშობილი იპოვა და ის სამშობიარო განყოფილებაში გადაიყვანა.
ექიმების თქმით, ჩვილი უმძიმეს მდგომარეობაში იყო, თუმცა ახლა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დამაკმაყოფილებელია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაც. სისხლის სამართლის საქმე დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.