საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში GLOBSEC-ის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, რობერტ ვასს შეხვდა. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მეთაური „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
პრემიერმა საუბრისას ხაზი გაუსვა სლოვაკეთთან მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და აღნიშნა, რომ თანამშრომლობას კვლევით თუ ანალიტიკურ ორგანიზაციებთან, ისევე როგორც ბიზნესის წარმომადგენლებთან, დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ირაკლი ღარიბაშვილმა დაადასტურა ქართული მხარის მზადყოფნა, სლოვაკეთთან საერთო ევროპულ ფასეულობებზე დაფუძნებული
თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის. ამასთან, ხაზი გაესვა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.