ორი კანონის გაუქმების მოთხოვნა ევროპიდან - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

არის თუ არა ორი ხმაურიანი კანონის უკან გაწვევა საქართველოს ევროინტეგრაციის წინაპირობა – ე.წ. ვაიმარის სამეულის განცხადებას პოლიტიკური ოპონენტები სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ხელისუფლება ამ განცხადებაში ულტიმატუმის ნიშნებს ხედავს, თუმცა, დარწმუნებულია, რომ სირთულეების მიუხედავად, ქვეყანა ევროპული კავშირის ნაწილი გახდება.

ოპოზიციაში კი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების საკითხს დღეს უკვე მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ახლა მთავარი ხელისუფლების ცვლილებაა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. ლიდერების განცხადებაში ნათქვამია, რომ კანდიდატ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ გაიხსნება, ვიდრე აღნიშნული ორი კანონი ქართული სამართლებრივი სივრცის ნაწილი იქნება.