ორი კანონის გაუქმების მოთხოვნა ევროპიდან

საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები ევროპელი ლიდერების განხილვის თემაა.

უნგრეთში ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრის მონაწილეებმა პოსტ-საარჩევნო სიტუაციაზე იმსჯელეს. მთავარი გზავნილი და მოწოდებაა საარჩევნო დარღვევების გამოძიება. ცალკეული ლიდერების მხრიდან გაკეთდა მინიშნებები საერთაშორისო გამოძიებაზეც. როგორი უნდა იყოს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის დღის წესრიგი ინტეგრაციის შეჩერებული პროცესის ფონზე – გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებელ პირობად უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და არასრულწლოვანთა დაცვის კანონების გაწვევა სახელდება. არაფორმალურ შეხვედრას წინ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი უძღოდა, სადაც საპარლამენტო არჩევნებზე და არჩევნების შემდგომ პერიოდზე ევროკავშირის ლიდერებს საქართველოს პრემიერი პირადად ესაუბრა. პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის გარდა საქართველოს მთავრობის მეთაურს ევროპელ პარტნიორებთან პირისპირ კომუნიკაციის საშუალებაც ჰქონდა. ევროკავშირის ლიდერების ბოლოდროინდელი მკაცრი გადაწყვეტილებების გათვალისწინებით ბუდაპეშტში მიღებული გზავნილები კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს საქართველოსთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნას ელოდება.