ორგანიზაცია „გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალი“, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა დაიქირავა, პირველ სტატიას აქვეყნებს. მასალაში ნათქვამია, რომ აშშ-ის და საქართველოს წამყვანი სამედიცინო ექსპერტები ადასტურებენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში ყოფნის დროს აწამეს და მოწამლეს, იქვე მითითებულია, რომ მასალა გიული ალასანიასთვის მომზადდა. ორგანიზაცია „გლობალ ფოინთ ინთერნეიშენალის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი 2021 წლის ოქტომბერში დააკავეს, მისი ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო კვლევები ადასტურებს, რომ ის ახლა განიცდის დამაზიანებელ ფსიქოლოგიურ, ნევროლოგიურ, ორთოპედიულ და კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, რომლებიც პირდაპირ გამოწვეულია პატიმრობით. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ გარდა ამისა, სამედიცინო ჯგუფმა პრეზიდენტ სააკაშვილის სხეულში დარიშხანისა და მძიმე ლითონების, მათ შორის ვერცხლისწყლის შემცველობა აღმოაჩინა, რის გამოც, სამედიცინო ექსპერტები დაუყოვნებლივ რეკომენდაციას უწევენ მის სასწრაფო გადაყვანას მოწინავე სამედიცინო დაწესებულებაში აშშ-ში ან დასავლეთ ევროპაში.