ოპოზიციური პარტიების გეგმები

კვლავ გაურკვეველია, თუ რა კონფიგურაციით წარდგებიან ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებზე. ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შემდეგ, აქტუალური გახდა კიდევ ერთი კითხვა – რა პოლიტიკური გეგმები აქვს გვარამიას. ოპოზიციური პარტიების ნაწილი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულია, თუმცა საუბრობენ კონსოლიდაციის მნიშვნელობაზეც.

გვარამია, პოლიტიკურ გაერთიანებას გეგმავს, თუმცა კონკრეტულად როდის და ვისთან, ეს ჯერ უცნობია. ის არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიასთან, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან და ელენე ხოშტარიასთან ერთად, პოლიტიკური ალიანსი შექმნას. ამ თემაზე კონკრეტულ კომენტარს არ აკეთებს არც მელია და არც ჯაფარიძე. თუმცა, მელია სოციალურ ქსელში გავრცელებული პოსტით ამბობს, რომ იქნება იქ, სადაც ხალხის ინტერესია. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებით დაკომპლექტებული ახალი გაერთიანება სერიოზულ შედეგებს არჩევნებზე ვერ მიიღებს.