ახალი ოპოზიციური ერთობა და მათი ხედვები ევროინტეგრაციის გზაზე – „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამი პარტიის ლიდერებმა დამსწრეებს ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების შესახებ საკუთარი ხედვები გააცნეს.
აღნიშნულ შეხვედრას და ახალი ერთობის გააქტიურებას გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის სხვა წევრები სამი პარტიის გაერთიანებაში გაწევრიანებისგან თავს იკავებენ და ამბობენ, რომ მათი მიზანი ბუნდოვანია. შეფასებებში განსაკუთრებით ხისტია „ნაციონალური მოძრაობა“. მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ ამ ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბება ქვეყანაში პოლარიზაციას კიდევ უფრო აღრმავებს, რაც თავის მხრივ, ევროკომისიის პირველ პუნქტს – დეპოლარიზაციას ეწინააღმდეგება.