პოლიტიკურ ასპარეზზე მესამე ძალის გამოჩენის პერსპექტივა ბუნდოვანია.
„ლელოს“ მოწოდება პოლიტიკური ძალების უმეტესობისთვის, როგორც ჩანს, უინტერესო აღმოჩნდა. საპარლამენტო არჩევნებისთვის ხელისუფლების ოპონენტები ჯერ ისევ გადაჯგუფებების გზების და საჭირო ტაქტიკის ძიების პროცესში არიან. ოპოზიციის ნაწილი არც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის გარშემო გაერთიანების ან მასთან თანამშრომლობის სტრატეგიას მიიჩნევს მართებულად, მითუმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან არაფორმალური მმართველების გავლენების შესახებ განცხადებების და პარტიის შიგნით არსებული მწვავე დაპირისპირების ფონზე. თუ ხაბეიშვილი ხელისუფლების დამარცხების გასაღებს სწორედ მის პოლიტიკურ ძალაში ხედავს, ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია კეზერაშვილ-მერაბიშვილის ფაქტორიდან გამომდინარე ამ პერსპექტივას გამორიცხავს. ამ ნაწილში მელიას პოზიცია „ქართული ოცნების“ პროგნოზს ემთხვევა. იმ არგუმენტით, რომ დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ და აგენტებად განიხილავს, მმართველი გუნდი თუნდაც ყოფილი მმართველი პარტიისგან ცალკე შექმნილ მესამე პოლიტიკურ ძალაში კონკურენტს ვერ ხედავს და მომდევნო არჩევნებში გამარჯვებაში დარწმუნებულია.