არაერთი წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად, ოპოზიციური ერთობის შექმნა ხელისუფლების ოპონენტების დღის წესრიგში რჩება.
გაერთიანების საკითხს ამჯერად ყოფილი პრეზიდენტი ააქტიურებს, რომელიც ყველაზე დიდ რესურსს ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ალიანსში და „ლელოში“ ხედავს. გიორგი მარგველაშვილი ასახელებს წითელ ხაზებსაც – გიორგი გახარიას პარტიას და ვანო მერაბიშვილს, რომლის სახელს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებულ შიდა ვადამდელ არჩევნებს და ნიკა მელიას ლევან ხაბეიშვილით ჩანაცვლებას უკავშირებენ და რომელიც სწორედ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის სახელით ბოლო პერიოდში პოლიტიკურ გეგმებზე აქტიურად საუბრობს. თავის მხრივ მარგველაშვილს მნიშვნელოვან ფიგურად მიიჩნევს ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას ერთობა, რომელსაც ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ ოპოზიციის გაერთიანებით ესახება. მარგველაშვილის მსგავსად, კონსულტაციებს გახარიასთან ისინიც გამორიცხავენ, თუმცა ექს-პრეზიდენტისგან გასხვავებით ვანო მერაბიშვილზე არაფერს ამბობენ. იდეის არ არსებობის არგუმენტით ერთობის იდეისადმი სკეპტიკურია საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის პოზიცია, რომელსაც სწორედ ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიას მიმართ კითხვები აქვს.