ოპოზიციური ალიანსების შექმნის პერსპექტივა - რა პირობებს უყენებენ პარტიები ერთმანეთს
ვინ ვისთან მოიაზრებს კოალიციის შექმნას – ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნაში დარწმუნებულია. თუმცა, ჩნდება შეკითხვა – როგორ წარმოუდგენიათ ხელისუფლების ოპონენტებს კოალიციური მმართველობის უზრუნველყოფა, როცა წინასაარჩევნოდ ოპოზიციური ერთობის შექმნაც კი ვერ ხერხდება და დაახლოების ნაცვლად მთავარი პოლიტიკური აქტორების გზები ერთმანეთს სულ უფრო სცილდება. ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას საკუთარი პირობა აქვს – „ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებთან უშვებს გაერთიანების ალბათობას, რომლისთვისაც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი პრიორიტეტულია. ამბიციური განაცხადი აქვს „ლელოს“, რომელიც საკუთარ თავს პოსტ-საარჩევნო კოალიციის ცენტრად მოიაზრებს. თუმცა, ჯერ უცნობია, რა სტრატეგიით აპირებს ხაზარაძის გუნდი ბოლო არჩევნებზე მიღებული საკმაოდ დაბალი შედეგის გაუმჯობესებას და ვისთან ერთად გეგმავს მიზიდულობის ახალი ცენტრის შექმნას, რომლის ფორმირებაც თვეების წინ დააანონსა. სწორედ ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით კოალიციის პერსპექტივას სკეპტიკურად უყურებენ ცალკეული ოპოზიციური ძალები.