ოპოზიციონერი ქალების საპროტესტო აქცია

სამართლებრივი დავის პარალელურად, პოლიტიკური ბრძოლის ხაზი ქუჩაზეც გადის.

ცესკო-ს მიმდებარე ტერიტორია დღეს პროტესტის კერად იქცა. საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით ქალების აქცია გაიმართა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან იმყოფებოდნენ ქალი ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც. „დავიბრუნოთ ჩვენი ხმა“ – ამ ლოზუნგით გამართულ აქციაზე ყველა მიმართვის მთავარი ადრესატი ცესკო-ს თავმჯდომარე იყო, რომელიც მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა. სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ გამწვავდა, როცა ადგილზე შეკრებილებმა ხელახალი არჩევნების მოთხოვნით დაწერილი განცხადებების დასატოვებლად საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაში შესვლა სცადეს. მცდელობას სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ფეხით მსვლელობა მოაწყვეს, რომელიც არანაკლებ ხმაურიანი აღმოჩნდა. მსგავსი აქციები მომავალშიც იგეგმება – ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უწყვეტ პროტესტს გულისხმობს.