ოპოზიცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა საერთო მაჟორიტარებით წარდგეს.
ამ სტატუსით საარჩევნო კამპანიაში ჩართვა უკვე დააანონსეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა, რომლებიც დღეს „ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციური ერთობის შეხვედრას შეუერთდნენ. მოლაპარაკებათა მაგიდასთან მსხდომი სხვადასხვა იდეოლოგიისა და შეხედულების მქონე პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ ფრონტის წინა ხაზი მაჟორიტარულ ოლქებზე გადის და ამ მიმართულებით ოპოზიციის კოორდინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. თუმცა იმისთვის, რომ 8 მარტს დიპლომატების თანდასწრებით შეთანხმებულ კომპრომისულ საარჩევნო მოდელს, ანუ მანდატების 120-30-ზე გადანაწილების სისტემას კენჭისყრის დროს „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაც ჰქონდეს, კონკრეტული პირობა სახელდება და ეს პირობა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულ გიორგი რურუას გათავისუფლებაა. სწორედ ამ შემთხვევაში შეწყვეტს ორივე ფრაქცია საპარლამენტო ბოიკოტს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვაში ჩაერთვება. ახლა საინტერესოა, ახალი მოდელის მიღების შემთხვევაში მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის რა კონფიგურაციაზე შეთანხმდება ოპოზიციური სპექტრი – ცალ-ცალკე, ბლოკებად, თუ კოალიციად.
სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა დღვანდელი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.