ოპოზიციის შეხვედრა გახელაძის ოჯახის წევრებთან 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ოპოზიციას შეხვდა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ოფისში გამართულ შეხვედრაზე გახელაძის მეუღლე, ბიძა და ნათესავები იმყოფებოდნენ. მათ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერი პარტიების წარმომადგენლები შეხვდნენ. ოჯახის წევრების თქმით, მათ სურთ ყველა მხარის პოზიცია და წინადადებები მოისმინონ, თუ რა საშუალება არსებობს საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის გასათავისუფლებლად და შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთანაც სურთ. ისინი აქციების გამართვასაც არ გამორიცხავენ.

33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას ე. წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხში დაჭრეს. 5 თებერვალს ე. წ.-მა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.