ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა ოპოზიციის დღის წესრიგიდან არ იხსნება.
26 ოქტომბრის კენჭისყრის არალეგიტიმურად გამოცხადების მთავარი არგუმენტი საარჩევნო ბიულეტენის ქაღალდის სისქე და მარკერია. გაყალბების სხვადასხვა ვერსიის გავრცელების შემდეგ ახლა ოპოზიციური სუბიექტების და მესამე სექტორის საერთო პოზიციაა, რომ არჩევნების დღეს ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო. მარკერების და ბიულეტენების შეცვლაზე ბრალდების პასუხად ცესკო კონტრაქტორი კომპანიის წერილს აქვეყნებს. მონაცემების დუბლირება და ე.წ. კარუსელი – პრეტენზიები ისმის ვერიფიკაციის აპარატებთან დაკავშირებითაც. ოპოზიციის მოთხოვნაა აპარატში ჩატვირთული ინფორმაციის, ანუ ამომრჩევლების სიების გასაჯაროება. სწორედ ამ კონტექსტში ახლა პროკურატურა ოპოზიციის და სადამკვირვებლო ორგანიზაციების კრიტიკის მთავარი სამიზნე ხდება. ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ საგამოძიებო უწყებაში გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებების გაქრობა მიმდინარეობს. პროკურატურისადმი უნდობლობის გამო საერთაშორისო გამოძიების ჩატარება ოპოზიციის სამოქმედო სტრატეგიის მთავარი ნაწილია.