მაისში დამტკიცებული რეზონანსული კანონის გარშემო ვნებათაღელვა სამართლებრივ სივრცეში ინაცვლებს.
მწვავე კრიტიკის და საპროტესტო აქციების ფონზე მიღებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის შესაჩერებლად და გასაუქმებლად საკონსტიტუციო სასამართლოში შესატანად უკვე მესამე სარჩელი მზადდება. პრეზიდენტის და მესამე სექტორის შემდეგ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებისთვის დადგენილ რეგულაციებს ოპოზიციური პარტიები სასამართლოს გზითაც გააპროტესტებენ. სამართლებრივ ბრძოლაში ჩართვას ოპოზიციონერი დეპუტატები ხელმოწერებით ადასტურებენ – სარჩელი სასამართლოში თამარ კორძაიას სახელით შევა. უკვე მომზადებული თუ შესატანი სარჩელების ავტორების მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს მისამართით წარსულში გაკეთებული კრიტიკული და უნდობლობით სავსე განცხადებებიდან გამომდინარე დაანონსებული სამართლებრივი დავის გარშემო არაერთი კითხვა გაჩნდა.