თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის და სამი ოპოზიციური პარტიის სარჩელი განიხილა. მოსამართლე სათათბიროდ არის გასული, გადაწყვეტილება რამდენიმე საათში გახდება ცნობილი. პროცესზე, მოსარჩელე მხარემ, ათამდე შუამდგომლობა დააყენა. ერთ-ერთი შუამდგომლობა, ცესკო-ს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის დაკითხვას გულისხმობდა, თუმცა მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ასევე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ, საარჩევნო ინვენტარის ხელახლა შემოწმებასა და საია-ს სარჩელის ცალკე წარმოებად გამოყოფასთან დაკავშირებითაც. საია-ს მოთხოვნებს შორის იყო პრეზიდენტის საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის დასრულებამდე, მიმდინარე სასამართლო პროცესის შეჩერება. თუმცა მოსამართლემ, ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. პროცესზე მოპასუხე მხარე ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, რომელიც აცხადებს, რომ სასამართლო სხდომაზე, რეალური მტკიცებულებები არ წარდგენილა. მათივე თქმით, ცესკო-ს შემაჯამებელ ოქმს საფუძვლად უდევს, სხვადასხვა ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათი ბათილად ცნობის საფუძვლები კი გამოკვეთილი არ არის. ოთხი მოსარჩელე მხარის, საქმის განხილვა, 5 სთ-ზე მეტ ხანს გაგრძელდა. საია, კოალიცია ძლიერი საქართველო, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და კოალიცია „გახარია საქართველოსთვის“, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.