რუსთაველის გამზირი ისევ პოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრია.
ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ქუჩაში დგას. არჩევნებიდან მეათე დღეს ხელისუფლების ოპონენტები ამომრჩევლებს სამოქმედო გეგმას აცნობენ. საუბარია იმ სტრატეგიაზე, რომლის პრეზენტაცია ჯერ კიდევ ხუთშაბათს იყო დაანონსებული. რა გზებით ესახებათ ბარიერგადალახულ ოპოზიციურ სუბიექტებს საარჩევნო დარღვევებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა ასევე საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის ზედამხედველობით – გეგმაა წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა, უწყვეტი პროტესტი, ერთად დგომა, საარჩევნო დარღვევების დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვება და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიწოდება, კარდაკარ სიარული და წინააღმდეგობის მოძრაობის გაზრდა. ოპოზიციონერი ლიდერები საკანონმდებლო ორგანოსკენ ოთხი საათის წინ ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიძრნენ. ფეხით მსვლელობას არ შეუერთდა გიორგი გახარია, რომელიც წინა კვირას ჩატარებული პირველი აქციის მსგავსად, პარლამენტთან იმყოფება, თუმცა პოლიტიკურ სცენაზე არ ადის. მორიგი შეკრება ხვალ სპორტის სასახლესთან იგეგმება.