გამწვავებული პოლიტიკური ვითარების ფონზე პროცესები ქუჩაში ინაცვლებს.
ბარიერგადალახულმა და ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციამ აქციები დაიწყო. ფილარმონიიდან დაწყებული მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციის გავლით პარლამენტთან დასრულდა. საკანონმდებლო ორგანოს წინ კარვები გაიშალა, სადაც ოპოზიციის აქტივისტები და მხარდამჭერები ამ წუთებშიც რჩებიან. მანამდე კი იყო პოლიტიკური გამოსვლები, რა დროსაც ლიდერებმა ადგილზე შეკრებილებს საკუთარი სამოქმედო გეგმა გააცნეს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების და ნიკა მელიას გათავისუფლების მოთხოვნით ოპოზიციის დღის წესრიგშია პერმანენტული აქციები, სირცხვილის დერეფნები და პიკეტები სახელმწიფო უწყებებთან. პირველ ეტაპზე გეგმა ორ თვეზეა გათვლილი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ უწყვეტი პროტესტი ორივე მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასრულდება.