სასამართლოს ხვალინდელი გადაწყვეტილების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციის ნაწილთან საერთო სამოქმედო გეგმას ათანხმებს.
ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს სამი პარტიის – „დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები მივიდნენ. ოთხი პარტიის საერთო პოზიციაა, რომ სასჯელის გადავადებაზე გადაწყვეტილების დაყოვნებას შესაძლოა უმძიმესი შედეგი მოჰყვეს. სასჯელის გადავადებისთვის საკმარის სამართლებრივ საფუძვლებზე მიუთითებს სახალხო დამცველიც. სწორედ ომბუდსმენის მიერ მოწვეული ექიმთა კონსილიუმის შეფასებები და არასამთავრობო ორგანიზაცია „ემპათიის“ მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნაა ის მთავარი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ადვოკატები ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ. პროცესზე, რომელიც ხვალ 13 საათზეა დანიშნული, რაიმე ფორმით დასწრების სურვილს გამოთქვამს თავად სააკაშვილი. მოწმეების რაოდენობის და დამატებითი მტკიცებულებების გათვალისწინებით, ადვოკატები არ გამორიცხავენ, რომ მოსამართლეს გადაწყვეტილების მისაღებად რამდენიმე სხდომა დასჭირდეს.