ოპოზიცია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს და კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის მზადებას აანონსებს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მათი თქმით, კანონპროექტი წინააღმდეგობაშია საქართველოს კონსტიტუციასთან და ასევე ქართველი ხალხის ნებასთან, საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი. მოთხოვნა უცვლელია – კანონპროექტი შარშანდელის მსგავსად, უკან უნდა გაიწვიონ.
განცხადებას თითქმის ყველა ოპოზიციური პარტია უერთდება, გიორგი გახარიას პარტიისა და „გირჩის“ გარდა. „გირჩი“ ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს მოუწოდებს, საჯაროდ, მოქალაქეების თვალწინ ჩამოაყალიბონ სამოქმედო გეგმა და აქციების ორგანიზება საკუთარ თავზე ოპოზიციურმა სპექტრმა აიღოს.
განცხადებას ამ ეტაპზე არ უერთდება არც „ევროპული საქართველო“. მათი თქმით, განმცხადებელი ოპოზიცია წარმოადგენს პროდასავლური პარტიების მხოლოდ ნაწილს, რომელთაგან უმრავლესობა ხშირად თავად არღვევდა შეთანხმებებსა და კოორდინაციის პირობებს. ამიტომ, „ევროპული საქართველო“ მათთან ურთიერთობის ფორმატს განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ რამდენად დაუახლოვდება ამ პარტიების პოზიციები მიმდინარე პროცესებზე მათ ხედვასა და რამდენად თანმიმდევრულები და პრინციპულები იქნებიან ისინი დადებული შეთანხმებების შესრულებისას. მმართველი გუნდი კი ოპოზიციის ქმედებას დესტრუქციულს უწოდებს.