მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის თემამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ საპარლამენტო მანდატების დატოვების საკითხი გაააქტიურა.
პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტიდან მთელი ოპოზიციის გასვლის აუცილებლობაზე საუბრობს და ამ მიზნით დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების დაწყებას აპირებს. თუმცა, გეგმის სისწორეში ხაბეიშვილს ჯერ თანაპარტიელები ჰყავს დასარწმუნებელი, რადგან ლიდერთა ნაწილი, მათ შორის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე, პარლამენტიდან გასვლის იდეას არ ეთანხმება. ამ საკითხის გარშემო სკეპტიციზმია დანარჩენ ოპოზიციაშიც. ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადასავადებლად და უცხოეთში სამკურნალოდ გადასაყვანად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პროტესტის სხვა გზებსაც იყენებენ. ხელისუფლებაზე ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა შიმშილობაა, რომელსაც უკვე ოთხი ოპოზიციონერი დეპუტატი მიმართავს.