ზუგდიდში ჩატარებული არჩევნების შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აზრები გაყოფილია. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ზუგდიდიდან საპროტესტო ტალღის დაწყებას აანონსებს. თუმცა ბრძოლის გზა და გეგმა გუნდის შიგნით ყველასთვის მისაღები არ არის და როგორც ირკვევა, მის შესახებ ზოგმა პირველად გაიგო. სავარაუდო შიდა უთანხმოების ეჭვს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებაც ამყარებს, სადაც მან გვარების დაკონკრეტების გარეშე რევოლუციურ სცენარებზე საუბარი ღიად დაგმო. ამ ფონზე ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერებს მთელი დღის განმავლობაში უწევდათ განმარტება, თუ რას ნიშნავს სანდრა რულოვსის მიერ გამოცხადებული ბრძოლის მეთოდი. მით უმეტეს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმებულ სტრატეგიას გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი პოლიტიკური ძალების ერთი ნაწილიც სკეპტიკურად უყურებს.