ოპოზიციის ნაწილი ბათუმში წარსადგენ კანდიდატებზე შეთანხმდა. კოორდინაცია ამჯერად „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „დროას“, „ლელოს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ შორის მოხერხდა. სწორედ ეს პოლიტიკური ძალები გაიყოფენ ბათუმის მაჟორიტარულ ოლქებს. თუმცა შეთანხმებას არ უერთდება და ბათუმში დამოუკიდებელი გეგმით მოქმედებს „გირჩი – მეტი თავისუფლება”, რომელიც თბილისში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, „ევროპულ საქართველოსთან“ და „დროასთან“ თანამშრომლობს.
ბათუმში გაფორმებული შეთანხმების ხელმომწერთა შორის მოულოდნელი იყო „სტრატეგია აღმაშენებლის“ გამოჩენა, რომელსაც ცალკე საარჩევნო სტრატეგია აქვს, რაც ამომრჩევლების მოზიდვას მესამე ალტერნატიული ცენტრის გარშემო გულისხმობს.