კითხვა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე სულ უფრო აქტიურდება – რა გადაჯგუფებებია მოსალოდნელი ოპოზიციურ ფლანგზე და მოახერხებენ თუ არა ხელისუფლების ოპონენტი პოლიტიკური ძალები გაერთიანებას.
5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში პარტიების ნაწილი კოორდინაციის და ალიანსების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და ამ მიზნით კონსულტაციების დაწყებას ითხოვს. თუმცა ერთობის მიღწევა ვერ ხერხდება, ისევე როგორც იმ წინასაარჩევნო ინიციატივებზე შეთანხმება, რომლებსაც ცალკეული პარტიები უკვე აჟღერებენ. მათ შორისაა ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის ახალი იდეა, რომელსაც კრიტიკა და ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ამ აზრთა სხვადასხვაობის და უთანხმოების ფონზე კოორდინაციის და საარჩევნოდ ერთმანეთთან თანამშრომლობის პერსპექტივა სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.