ოპოზიციის საარჩევნო გეგმები

„ლელოს“ ლიდერის მორიგი რეზონანსული გზავნილი.

მამუკა ხაზარაძე თავს მმართველი პარტიის და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ძალის რეალურ ალტერნატივად აცხადებს და „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს. ძველი პოლიტიკის წარსულში დატოვება და ახალი პოლიტიკის კეთება – ასეთია გზავნილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან, რომელმაც თვეების წინ ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნა დააანონსა და „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პროდასავლურ პარტიასთან თანამშრომლობის ალბათობა დაუშვა. „ლელოს“ ყოფილ მმართველ პარტიასთან წინასაარჩევნო თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ხაზარაძის განცხადებას ოპოზიციურ ფლანგზეც სკეპტიკურად შეხვდნენ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი „ლელოს“ ლიდერს მისივე პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე მიუთითებს. პოლიტიკოსები მამუკა ხაზარაძის საარჩევნო პროგნოზსაც გადაჭარბებულად მიიჩნევენ და ამ კონტექსტში ბოლო არჩევნების შედეგს იხსენებენ.