რისთვის ემზადება ოპოზიცია – მიხეილ სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ეს შეკითხვა წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო გაააქტიურა. სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის დროს ექსპრეზიდენტმა მორიგი პოლიტიკური განცხადება გააკეთა და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროცესების ქუჩაში გადანაცვლება დააანონსა.
ყოფილი პრეზიდენტი არჩევნების გაყალბებაში დარწმუნებულია და ოპოზიციასა და მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ კვირებისა და თვეების განმავლობაში ქუჩაში დგომისთვის მოემზადონ. ამ განცხადებას არასერიოზულად მიიჩნევს და მის მიღმა დამარცხების შიშს ხედავს ოპოზიციის ნაწილი. სააკაშვილის დღევანდელი გზავნილი მოულოდნელი არ ყოფილა ხელისუფლებისთვის, რომელიც არჩევნების დასრულებისთანავე ოპონენტი ძალებისგან დესტრუქციულ ქმედებებს ელოდება.