ოპოზიციის საარჩევნო გეგმები

როგორი კონფიგურაციით წარდგებიან პოლიტიკური პარტიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე – გარკვეული დეტალები 8 ივლისს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ ღონისძიებაზე გახდება ცნობილი. ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია პოლიტიკური ყრილობის პარალელურად, 8 ივლისს გაასაჯაროებს იმ პარტიების, მოძრაობებისა თუ საზოგადოებისთვის ცნობილი პირების ვინაობას – ვინც მათთან გაერთიანდება, მანამდე დეტალებზე არ საუბრობენ. ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან პირდაპირ თანამშრომლობაზე მათთანვე „გამარჯვების კოალიციაში“ მყოფი „სტრატეგია აღმაშენებელი“ ლაპარაკობს. მათი თქმით, არჩევნების მოგება ერთიანობაზე გადის. მიმდინარე პროცესებს არასერიოზულად უყურებს ოპოზიციის მეორე ნაწილი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ნებისმიერი ფორმით გაერთიანებას ემიჯნება და მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე პოზიციონირებას საკუთარი პოლიტიკური ნომრით გეგმავს. სახელისუფლებო გუნდისთვის ოპოზიციურ სპექტრში განვითარებული მოვლენები კომიკურია. განმარტავენ, რომ ოპოზიცია ყველა შემთხვევაში მარცხისთვისაა განწირული.