ოპოზიცია ნიკა მელიასგან დამატებით განმარტებებს ელის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა ახალმა განცხადებამ მელიას გეგმები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახადა, პოლიტიკურ ძალებს კი ახალი კითხვები გაუჩინა. ხალხთან ერთობა და არა ბარიერის ვერ გადალახვის შიშით ნაკარნახევი ერთობა – ასეთია მთავარი გზავნილი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან პროტესტით წამოსული ნიკა მელიასგან, რომელიც, როგორც ჩანს, საკუთარი პარტიის შექმნას ჯერ არ ჩქარობს. „ნაციონალური მოძრაობის“ ექს-თავმჯდომარე არც იმას აკონკრეტებს, ვის მოიაზრებს წინასაარჩევნოდ მის პოლიტიკურ პარტნიორებად და იქნებიან თუ არა მათ შორის ნიკა გვარამია და სხვა ყოფილი თანაპარტიელები, რომლებმაც მასთან შესაძლო თანამშრომლობა და კონსულტაციები არ უარყვეს. არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა“ – ნიკა მელიას ამ ბოლო გზავნილმა კიდევ უფრო გაააქტიურა შეკითხვა – აქვს თუ არა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ყოფილ ლიდერს მესამე პოლიტიკური ცენტრის ფორმირების რესურსი.