ოპოზიციის საარჩევნო გეგმები

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად ოპოზიციურ ფლანგზე წინასაარჩევნო ალიანსების ფორმირების საკითხი აქტიურდება.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნა ამჯერად ვერ მოხერხდა. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მოკავშირე „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება. დამოუკიდებლად მონაწილეობის გეგმა აქვს გიორგი გახარიას გუნდს, რომელიც ოპოზიციის დიდ ნაწილს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ მიიჩნევს. საუბარია იმ პოლიტიკურ ძალებზე და პოლიტიკოსებზე, რომლებიც ჯერ ისევ ფორმირების პროცესში მყოფი მესამე ძალის სავარაუდო აქტორებად მოიაზრებენ. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან სხვადასხვა დროს წასული ლიდერები დიდი ალბათობით ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. პოლიტიკაში დაბრუნებული ნიკა გვარამიას განცხადებამ ყოფილი „ნაციონალების“ ერთი ალიანსის გარშემო გაერთიანების ეჭვი კიდევ უფრო გაამყარა.