ხელისუფლების რიტორიკაში შესაძლო პოსტ-საარჩევნო დაძაბულობაზე საუბარი აქტიურდება.
ცალკეული ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებები მმართველ გუნდს ოპონენტების რევოლუციურ გეგმებში არწმუნებს. სწორედ ამ კონტექსტში განიხილება ამჯერად ნიკა გვარამიას განცხადება, სადაც ცესკო-ს მიმართ სრული უნდობლობაა ხაზგასმული და 2020 წელთან შედარებით დასავლეთის მკვეთრად შეცვლილ პოზიციაზეა აქცენტი. მმართველმა პარტიამ პოლიტიკაში დაბრუნებული და მელია-ხოშტარია-ჯაფარიძესთან გაერთიანებული გვარამიას გზავნილში არჩევნების შედეგების არ აღიარებისკენ და რადიკალური მოქმედებებისკენ პირდაპირი მოწოდება ამოიკითხა. მუქარის შემცველია განცხადებები ოპოზიციურ ფლანგზე სხვა აქტორებისგანაც კეთდება. ისმის გამაფრთხილებელი გზავნილები ცესკო-ს მისამართითაც. პრაქტიკულად მთელი ოპოზიცია მხოლოდ საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მონაცემებს ელოდება – ეს იმ ფონზე, როცა დამკვირვებლებად დარეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაციების ნაწილს ხელისუფლება პოლიტიკურ მხარედ აცხადებს.