26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ბარიერ გადალახული სამი პოლიტიკური გაერთიანება ცესკო-ს სიების ჩახსნისა და მათი დროებითი მანდატების გაუქმების თხოვნით მიმართავს.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნა სამართლებრივად გამართულია. მათ პოზიციას არ იზიარებენ ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრები. პარტიის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ადასტურებენ გადაწყვეტილებას, რომ ლეგიტიმაციას არ მისცემენ მე-11 მოწვევის პარლამენტს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე დეპუტატის მანდატზე უარის თქმა შეუძლებელია. საკითხზე განცხადება გაავრცელა ცესკო-მაც, სადაც ნათქვამია, რომ პარლამენტის შეკრებამდე საქართველოს კანონმდებლობა მსგავსს დაშვებას არ ითვალისწინებს.