სანქციების მოთხოვნა ოპოზიციის დღის წესრიგში ბრუნდება.
თემას ამჯერად „ლელოს“ ლიდერის განცხადება ააქტიურებს. ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირების დასანქცირებაზე იწყებს საუბარს. კონკრეტული გვარები არ სახელდება, თუმცა პოლიტიკაში ბიზნესიდან წასული ხაზარაძე ადასტურებს, რომ სანქციების საკითხი სახელმწიფო დეპარტამენტში შეხვედრების დროს განიხილა. ოპოზიციური ძალის ლიდერი მალე ვაშინგტონიდან საინტერესო მოვლენებს აანონსებს. ხაზარაძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ არის, რომელმაც ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორთან სანქციების თემაზე ისაუბრა. რუსეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის არგუმენტით ცალკეულ პირთა მიმართ პერსონალური სანქციების ამოქმედების საკითხი იყო ცოტა ხნის წინ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ამერიკაში ვიზიტის ერთ-ერთი მიმართულება. მმართველი გუნდიდან რეაქციები მძაფრია. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ქვეყანა დეკემბერში ბრიუსელიდან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება.