ოპოზიციის მოთხოვნა

რვა ოპოზიციონერი დეპუტატი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ინტერპელაციის ფორმატში, პარლამენტში იბარებს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მათი კითხვა ეხება იმას, რამდენად პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის 7-8 მარტს დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს და წარმოადგენდა თუ არა ის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში უკანონო ჩარევას. ასევე, მოხდა თუ არა შესაბამისი წესის დაცვით სპეციალური საშუალებების გამოყენება? მინისტრის მიმართ ინტერპელაციის წესით დასმულ კითხვას ხელს აწერენ დეპუტატები – ხატია დეკანოიძე, რომან გოცირიძე, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი, როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია.