არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიღებულია, კონსტიტუციის შესაბამისად, უახლოეს ათ დღეში მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა დაინიშნოს. ვინ ჩაერთვება და ვინ არა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში, ეს სავარაუდოდ მალე გაირკვევა. „ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობასა“ და პარტია „ახლებში“ უკვე რამდენჯერმე განაცხადეს, რომ პარლამენტში არ შევლენ, რადგან არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. „ძლიერი საქართველო“ პირველი სხდომის შემდეგ აპირებს მანდატებზე უარის თქმას. პარტია „გახარია საქართველოში“ კი აცხადებენ, რომ მე-11-ე მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემენ.