„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ყველა რეგიონში წარადგენს. ოფიციალურ კონკრეტულ სიას ყოფილი სახელისუფლებო პარტია უახლოეს დღეებში გაასაჯაროვებს. მანამდე, მოამბეს კანდიდატების ნაწილი უკვე უდასტურებს, რომ მანდატისთვის საარჩევნო ბრძოლაში ერთვება. რუსთავში – დავით კირკიტაძე, თელავში – გიორგი ბოტკოველი, სიღანღი-დედოფლისწყაროში კი – ლევან ბეჟაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები იქნებიან. პარტიის ცალკეული წევრები ადასტურებენ, რომ იმერეთის ერთ-ერთ ოლქში განიხილება გუბაზ სანიკიძის კანდიდატურა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება კონსულტაციის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კონსულტაციას არ ადასტურებს თავად გუბაზ სანიკიძე და ამბობს, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს შეცდომას. ოპოზიციის ლიდერების ნაწილი აცხადებს, რომ რეგიონებში კანდიდატების სიმრავლე და კონკურენცია უკეთესი გადაწყვეტილებაა.
„ქართულ ოცნებაში“ კი ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კანდიდატების წარდგენა მათ კონკურენციას ვერ შეუქმნის.