ვინ იდგა გუშინ რუსთაველის გამზირზე – როგორც მოსალოდნელი იყო, „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეკრებაზე მისულ მოქალაქეთა პროტესტი ეჭვქვეშ დააყენეს ოპოზიციურ ფლანგზე. გაკეთდა საკმაოდ შეურაცხმყოფელი შეფასებებიც.
„ძალით ჩამოყვანილები, ხახვით და კარტოფილით მოსყიდულები, მუქარით და სამსახურის დაკარგვით შეშინებულები, მონების და რუსების მარში, მონების აღლუმი“ – ასეთი ეპითეტები ისმის იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც გუშინ ქალაქის ცენტრალურ გამზირზე შეიკრიბნენ. იყო განსაკუთრებული აქცენტები რეგიონებიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე და მათ წარმოშობის ადგილებზე. პოლიტიკურ სპექტრში სადავო გახდა შეკრებაზე მისულთა რაოდენობაც. მითუმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ წინა დღეს, ამავე გამზირზე რესპუბლიკის მოედნიდან ,,ქართული ოცნების” კანონპროექტის გასაპროტესტებლად დაძრული დემონსტრანტები იდგნენ.