როგორი იქნება ოპოზიციის შემდგომი სამოქმედო გეგმა – რამდენიმე საპროტესტო აქციის გამართვის შემდეგ ოპოზიციონერმა ლიდერებმა პრეზიდენტთან კონსულტაციების მორიგი რაუნდი გამართეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობის გააქტიურება დაანონსდა. ხელისუფლების ოპონენტებმა სალომე ზურაბიშვილთან არჩევნების შედეგებზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარების გზები განიხილეს. როგორც შეხვედრის მონაწილეები ამბობენ, პრეზიდენტს მათ მიერ მოძიებული გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებებიც გააცნეს. ორბელიანების სასახლეში ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური სუბიექტის წარმომადგენლები მივიდნენ. მათთან ერთად ამჯერადაც არ იმყოფებოდა გიორგი გახარია, მის პარტიას დიმიტრი ცქიტიშვილი წარმოადგენდა. ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ უცხოელ პარტნიორებთან მუშაობასთან ერთად მნიშვნელოვანია საპროტესტო მუხტის შენარჩუნებაც.