ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად, იწევს პოლიტიკური ტემპერატურაც, თუმცა შეცვლილი გზავნილებით.
იმის გამო, რომ „კოვიდ 19“-მა მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც ყოველდღიური ცხოვრების რეჟიმი და პოლიტიკური რეალობა შეცვალა და საარჩევნო თემატიკაც გადაფარა, პოლიტიკოსები ცდილობენ, საკუთარი პარტიული დღის წესრიგი სწორედ ამ ახალ რეალობას მოარგონ. არ წყდება გადაწყვეტილებების მწვავე კრიტიკა.
ტესტირება, „კოვიდ 19“-ის მკურნალობის მეთოდიკა, ინფიცირებულთა სტატისტიკა, ასევე სოციალური დახმარების და ანტიკრიზისული გეგმა – ეს ის საკითხებია, რომელთა გარშემო მმართველ გუნდს ყოველდღიურად ოპონენტთა პრეტენზიების და ბრალდებების მოსმენა უწევს. ქვეყნდება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ მომზადებული ალტერნატიული გეგმებიც უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად.